ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

შპს „საქაერონავიგაციასა“ და კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის, საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ღონისძებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „INDRA“-ს ვიცე პრეზიდენტი ფედერიკო რუედა და სხვა ოფიციალური პირები დაწსწრნენ.

შპს “საქაერონავიგაციის” მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ, საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა 1 წელიწადში ამოეწურება, ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს. ახალი სისტემის ღირებულება 15 მილიონი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგს გაუწევს თანამშრომლების გადამზადების პროცესს.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას. ახალი სისტემების დამონტაჟება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს.

საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტურს და კომფორტულს გახდის. საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში “INDRA” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ამ მიმართულებით მის პროდუქციას მსოფლიოს 150-მდე ქვეყანა იყენებს. “INDRA”- ს საავიაციო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიურ სანავიგაციო სისტემებს ქმნის.