2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის – ევროკონტროლის მე-40 წევრი გახდა, რამაც, შპს „საქაერონავიგაციას“, ევროკონტროლის „პრინციპების“ თანახმად, საშუალება მისცა ევროკონტროლისათვის ყოველწლიურად წარსადგენ ხარჯთა ბაზაში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯის გათვალისწინების საკითხი დაეყენებინა.
2014 წლის ივნის-აგვისტოში ევროკონტროლთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შპს „საქაერონავიგაციის არასახელმწიფო საპენსიო სქემის“ ფორმირების მიზნით გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.
ამ პროცესში სამუშაო ჯგუფის მიერ ხორციელდებოდა სამუშაო შეხვედრები და მიმოწერა ყველა იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ერთეულთან (ევროკონტროლი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახური; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; საქართველოს ეროვნული ბანკი; ფინანსური მონიტორინგის სამსახური), რომელსაც რაიმე შეხება მაინც აქვს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთან.
2015 წლის 30 დეკემბერს, სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსის #07/1-ს ბრძანებით განხორციელდა შპს „საქაერონავიგაციის“, როგორც არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის და „შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის“ რეგისტრაცია.
სქემის ბიუჯეტი დამტკიცდა 2017 წლისათვის და საპენსიო სქემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლიდან.
2017 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემაში შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლების გაწევრიანება. 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა შპს „საქაერონავიგაციასა“ და აქტივების მმართველ კომპანიას (სს „გალტ ენდ თაგარტი“) შორის საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულება, ასევე, სამმხრივი ხელშეკრულება სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 29 მაისიდან დაიწყო შპს „საქაერონავიგაციის“ არასახელმწიფო საპენსიო სქემის აქტივების მართვა.