ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

საქაერონავიგაციაში ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა დამონტაჟდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა შეიძინა. უსაფრთხო ფრენების განხორციელება, ავიამეთვალყურის და საჰაერო ხომალდებს შორის კავშირის გარეშე, წარმოუდგენელია. საქაერონავიგაციას და იტალიურ კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხმოვანი კავშირის სისტემის (VCS) შესყიდვისა და მისი დანერგვის თაობაზე.

„საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში ხმოვანი კავშირის სისტემა უმნიშვნელოვანესია. იმისათვის რომ უსაფრთხო ფრენები განხორციელდეს აუცილებელია საიმედო კავშირი მეთვალყურეებს და საჰაერო ხომალდებს შორის, აგრეთვე მეთვალყურეებს და მიწისზედა სამსახურებს და მეზობელ ცენტრებს შორის. ამჟამად შპს „საქაერონავიგაციაში“ არსებული ხმოვანი კავშირის სისტემა დაფუძნებულია მოძველებულ ტექნოლოგიებზე და ახალი INDRA-ს სისტემის დანერგვის შემდეგ, ვეღარ დააკმაყოფილებს საერთაშორისო რეკომენდაციებს. იტალიური კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-ის მიერ წარმოებულისისტემის შესყიდვისა და დანერგვის პროცესები სრულიად შეესაბამება ევროკონტროლის ერთიანი ევროპული ცის იმპლემენტაციის (ESSIP) 2015 წლის განვითარების გეგმაში მოცემულ დეტალურ მოთხოვნებს.“ - განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ახალი სისტემა დამონტაჟდება საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის სამუშაო პოზიციებზე (თბილისის ძირითადი სისტემა, ქუთაისის სარეზერვო სისტემა და თბილისის ტრენინგ ცენტრი). იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული სისტემა ინტეგრირებული იქნება საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემის (INDRA) შესაბამის ნაწილში.

უმაღლესი სტანდარტის, ახალი ხმოვანი კავშირის სისტემა შპს „საქაერონავიგაციას“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს ფრენების უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში.