ახალი ამბები

საპენსიო ფონდი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქაერონავიგაციის რესერტიფიცირება განახორციელა

საქართველოს საჰაერო კოდექსის და "სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს -  საქაერონავიგაციის ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. ორგანიზაციას ახალი სერტიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.

რესერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, შემოწმდა საქაერონავიგაციის მართვის და ბიზნეს დაგეგმარებასთან დაკავშირებული ძირითადი პროცესები, შეფასდა უსაფრთხო და უწყვეტ სააერნაოსნო მომსახურებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და განხორციელდა ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ინსპექტირება.

საწარმოს ახალი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შპს საქაერონავიგაცია წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და დანიშნულია სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების გამწევად საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის სამოქალაქო აეროდრომებზე.

ახალი სერტიფიკატის თანახმად, საქაერონავიგაციის მომსახურების სფეროებია:

• საჰაერო მოძრაობის ორგანიზება (საჰაერო მოძრაობის მომსახურება, საჰაერო სივრცის ორგანიზება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება);

• საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება;

• საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება;

• ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება;

• ფრენის პროცედურების დიზაინი;

• საავიაციო რუკების შედგენა.

 

სერტიფიცირება განხორციელდა ევროპული რეგულაციით (373/2017 Commission Implementing Regulation (EU) No 2017/373 of 1 March 2017 laying down common requirements for providers of air traffic management/air navigation services and other air traffic management network functions and their oversight) გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

ზემოთ აღნიშნული რეგულაცია სააგენტომ ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს დანერგა.

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ახალი წესი ძალაშია 2020 წლის 1 აპრილიდან და იგი საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

საქაერონავიგაციის სერტიფიცირების პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სააგენტოს და საქაერონავიგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე ყველა სახის მომსახურების ექსპერტები, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ინსპექტორები.

ცნობისთვის, აქამდე, საქაერონავიგაცია მომსახურებას 2008 წელს მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელებდა.